მნიშვნელოვანია ეკლესიის მხარდაჭერა, რაც სერიოზულ დახმარებას გაგვიწევდა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაში, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„გამოსავალი ისევ და ისევ არის იმ რეგულაციების შესრულება, რომელიც დაწესებულია. თუმცა გარკვეული პროცესები, აქციები, რომლებიც მიმდინარეობს, მობილობის დიდი წყაროა და ეს რა თქმა უნდა, ბუსტერს ქმნის ვაქცინის გავრცელებისთვის. მაინც დავუბრუნდები სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერების აუცილებლობას. ჩვენს შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პრობლემა, რომელიც რეალურად არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემა ასევე შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ გადაიჭრას საზოგადოებრივი ძალიასხმევის შედეგად. ამდენად, მოწოდება არასამთავრობო სექტპორის, მედიის, ისევ და ისევ საინფორმაციო კამპანია, მხარდაჭერა და პირადი მაგალითი აღმოჩნდა დადებით და ყველაზე ძლიერმოქმედი ინსტრუმენტი. გარდა ამისა, ყველას გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია რელიგიური რწმენა და შეხედულებები ამ საკითხთან მიმართებით. არ შემიძლია, დღეს ამ თემას გვერდი ავუარო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის მხარდაჭერა. საქართველოს აქვს იმის გამოცდილება, რომ ეკლესიის მხარდაჭერით ძალიან სერიოზული გარდატეხა მოხდა მაგალითად, ტუბერკულოზის მართვის პროგრამაში, როდესაც პირებს, ვისაც სჭირდებოდათ მხარდაჭერა, ხანგრძლივი მკურნალობა, წახალისება და რწმენა, ეკლესია დაეხმარა იმაში, რომ ეს რთული გზა გაევლო. ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ჩვენ სერიოზულ დახმარებას გაგვიწევდა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.