საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ფარავნის ტბაზე იმყოფებოდა. მისი განმარტებით, მომავალი წლის ზაფხულისთვის ადგილზე "დასვენებისთვის აუცილებელი პირობები" შეიქმნება.
"მომავალი წლის ზაფხულისთვის აქ გაიხსნება რესტორნები, პარკები და შეიქმნება დასვენებისთვის აუცილებელი პირობები. აქ დასვენებას, ბავშვების წამოყვანას არაფერი სჯობს. იდეალური ადგილია", - განმარტა პრეზიდენტმა.
მისი განმარტებით, ახალქალაქი დღესდღეობით "ყველაზე ღარიბი რაიონია, თუმცა ახალი გზა მას დოვლათსა და სიმდიდრეს მოუტანს".
შეგახსენებთ, რომ თბილისი-ახალქალაქის დამაკავშირებელი გზა ექსპლოატაციაში შევიდა.
გზის 224-კილომეტრიანი მონაკვეთი დღეს თავად მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. ყველაზე მასშტაბური საგზაო პროექტის განხორციელებით, დედაქალაქიდან ახალქალაქში ჩასვლა 8 საათის ნაცვლად 2.5 საათში ხდება შესაძლებელი. ახლად გახსნილი გზა სამცხე-ჯავახეთს ქვემო ქართლთან აკავშირებს. სამუშაოზე სულ 209 მილიონი დოლარი დაიხარჯა და ის აშშ-ის მთავრობამ და "ათასწლეულის გნვითარების კორპორაციამ" დააფინანსა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გზის გასწვრივ 200 ათასი ხეც დაირგო. ამასთან მოხდა 15 ხიდის აშენება.
გზის 224-კილომეტიანი მონაკვეთის მშენებლობას 2 წელი დასჭირდა და მასზე 300 ათას 600 ადამიანი მუშაობდა.