კორონავირუსით ინფიცირებულთა ნაკადის მართვა ჯერჯერობით დამატებითი საველე რესურსების მობილიზების გარეშეა შესაძლებელი.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, რამდენიმე დღის განმავლობაში პაციენტების მართვის შესაძლებლობა იქნება, თუმცა ამის პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროცესი გააქტიურდეს.
„ჯერჯერობით ნაკადის მართვა ხერხდება, თუმცა იმატებს რეანიმაციულ განყოფილებაში პაციენტების რაოდენობა - 330-ს გადააჭარბა ამ დილის მდგომარეობით. ჯერჯერობით მართვა შესაძლებელია დამატებითი საველე რესურსის მობილიზების გარეშე. ბინაზე ბევრი პაციენტი მკურნალობს. ასევე, ჯერჯერობით კიდევ არის კოვიდსასტუმროების რესურსი, რომელიც ამ ეტაპზე მინიმალურადაა დატვირთული. ასევე მომდევნო რამდენიმე დღე ჯერ კიდევ გვექნება შესაძლებლობა, რომ აქტიურად იმართოს პაციენტების ნაკადები. თუმცა, ბუნებრივია, ეს უსასრულო ვერ იქნება და ამის პარალელურად მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროგრამის გააქტიურება, რადგან რეალურად, ამ სიტუაციიდან ეს ერთადერთი გამოსავალია“,- განაცხადა გაბუნიამ.