რუსთავის ციხესთან დღეს იწყება აურაცხელი რაოდენობის თანამებრძოლების აქცია, იქ პერმანენტული აქციები იქნება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ბათუმში აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„რუსთავის ციხესთან დაიწყება დღეს აქცია და არ დასრულდება, ვიდრე მთავარ მიზანს არ მივაღწევთ. პირველ რიგში მოკლე ვადაში ჩვენ უნდა მოვახერხოთ, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა, მოვახერხოთ მისი გადაყვანა სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში. ძალიან მნიშვნელოვანია ეს. ფიცს ვდებ თქვენ წინაშე, სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ, რადგან მე უკვე ვგრძნობ, რომ შეიძლება შემრცხვეს ჩემი 6 წლის სანდროსი. მირჩევნია, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, საკანში ვიჯდე, მირჩევნია, საერთოდ არ ვიყო ცოცხალი, ვიდრე ამ უნამუსობას ვუყურო, როდესაც სუს-ი, პროკურატურა, ძველი ბიჭი, კრიმინალი ებრძვის ქართველ ხალხს. ჩვენ არ გვიწერია საკნებში დიდი ხანი ჯდომა. ჩვენ მეგობრებს, რომლებსაც აქვთ თავისუფლება შეზღუდული, გავათავისუფლებთ, მაგრამ ჩვენ რევანშს არ მოვუწყობთ ამ ადამიანებს, ვინც ახლა გვებრძვის“, – განაცხადა ნიკა მელიამ.