საპარლამენტო ფრაქცია "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ ოპოზიციამ პარლამენტში საქმიანობა უნდა განაგრძოს, რადგან ბოიკოტი გამოსავალი არ არის. ამის შესახებ დეპუტატმა ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" ბოიკოტის კომენტირებისას განაცხადა.
სამნიძის თქმით, შექმნილ ვითარებაში, პროცესებიდან განზე განდგომა და ბოიკოტი გამოსავალი არ არის, რადგან „ქართული ოცნებისთვის“ ეს დამატებითი კომფორტი იქნება.
მისივე განცხადებით, მათი ფრაქცია კვლავინდებურად მოითხოვს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.
"ეს სწორედ "ქართულ ოცნებას" უქმნის ძალიან კომფორტულ ვითარებას, რომელსაც ჩვენ, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, უნდა შევუქმნათ ძალიან მძიმე პირობები იმისთვის, რომ მათ ვერ გაბედონ იმ ტიპის უტიფარი განცხადებების გაკეთება, რაც გვესმის ყოველდღიურ რეჟიმში.
ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბრძოლის მომენტში, როდესაც ჩვენ მოვიპოვებთ რიგგარეშე არჩევნებს, ჩვენ გვქონდეს სრულია პროპორციული დაბალი ბარიერით სისტემა, რომელზე პასუხისმგბელობა აიღო „ქართულმა ოცნებამ“ და ეს საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში უკვე არის ერთი მოსმენით მიღებული. თუ ჩვენ არ მივიღეთ ეს ცვლილებები და ამის საბაბი გახდა ოპოზიციური პარტიები, მაშინ დარჩება 120/30-ზე სისტემა, რითაც „ოცნება“ გარანტირებულად დარჩება ხელისუფლებაში", - განაცხადა სამნიძემ.
შეგახსენებთ, ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" ბოიკოტს აცხადებს და უარს ამბობს მონაწილეობა მიიღოს პარლამენტის პლენარული სხდომების მუშაობაში იმ დრომდე, სანამ ხელისუფლება არ უზრუნველყოფს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ადეკვატურ დაცვას და არ გაანეიტრალებს ყველა საფრთხეს, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს მის სიცოცხლეს.