ძალოვანი უწყებების ვეტერანები ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ. მიზეზი, ბაინდურაშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადებაა, რომელშიც მინისტრმა ვეტერანებს "კორუმპირებული ადამიანები" უწოდა.
"12 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე, 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, მთავრობა ყველა ზღვარს გასცდა. კერძოდ, მინისტრმა ამ ადამიანებს "კორუმპირებულები" და "სუკის აგენტები" უწოდა. მათი ლანძღვა ხელისუფლებას ტრადიციად ექცა. ბატონი ბაინდურაშვილის ლოგიკით, 30-წლიანი სტაჟის პოლკოვნიკებისა და ვიცე-პოლკოვნიკების მთავარი დანაშაული ის არის, რომ ისინი საბჭოთა კავშირის დროს ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ, რაც თურმე სუკის აგენტობის ტოლფასია, ან კიდევ - 90-იან წლებში ძალოვან სტრუქტურებში სამსახური თურმე მათ კორუმპირებულობას ნიშნავს. მინისტრს შევახსენებთ, რომ ძალოვანი სტრუქტურების პენსიონერები არიან როგორც შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების ყოფილი თანამშრომლები, ისე თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებში, პროკურატურაში, სახელმწიფო დაცვის სამსახურში მომუშავე ადამიანები და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლები", - განაცხადა "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა დღეს, ვეტერანებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
აღსანიშნავია, რომ საჯარო ბოდიშის არმოხდის შემთხვევაში ძალოვანი სტრუქტურების ვეტერანები კახა ბაინდურაშვილს სასამართლოში სარჩელის შეტანით ემუქრებიან.