გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე უინძორის ციხე-სიმაგრიდან "იაგუარის" ავტომობილით გამოვიდა, რომელსაც თავად მართავდა.
ბოლო დღეებში მონარქის ჯანმრთელობას დიდი ყურადღება ექცევა ბრიტანეთში, ვინაიდან კვირანახევრის წინ 95 წლის დედოფალმა ღამე საავადმყოფოში გაატარა, რის შემდეგაც ექიმებმა მას დასვენება ურჩიეს.
ელისაბედ მეორე საჭეს მუქი სათვალითა და თავსაფრით მიუჯდა - ის ამგვარ ფორმაში ხშირად გამოდის სასახლიდან. არსებობს ვერსია, რომ მან სასეირნოდ გამოიყვანა თავისი კორგი - ძაღლი, რაც ეს ადრეც გაუკეთებია.
გასულ პარასკევს ბუკინგემის სასახლემ განაცხადა, რომ ექიმების რეკომენდაციით, დედოფალი მხოლოდ მსუბუქი საქმეებით უნდა დაკავდეს, სასურველია სახლში, აუდიენციები კი მხოლოდ ვირტუალურად გამართოს.
სწორედ ამ მიზნით, ელისაბედ მეორე არ დაესწრება გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ ფესტივალს, რომელიც 13 ნოემბერს ლონდონის ალბერტ-ჰოლში გაიხსნება.
დედოფალი ასევე არ დაესწრება გლაზგოს კლიმატის ცვლილებების კონფერენციას, თუმცა მან სამიტის მონაწილეების მიმართ ვიდეომიმართვა ჩაწერა.