უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური პოლონელ ქალთა ასოციაცია "მეგობრობის" ხელმძღვანელ ქეთევან ტრიპოლსკის შეხვდა.
პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-პოლონეთის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ ასოციაცია ბევრ საინტერესო პროექტზე მუშაობს. ერთ-ერთი ასეთი პროექტი სოფელ ნიქოზიდან დევნილი ბავშვების ანაკლიაში დასვენების პროგრამა იყო, რომელიც ასოცაიციამ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის ხელშეწყობით განახორციელა.
გარდა ამისა, საქართველოში მცხოვრები პოლონური დიასპორის წარმომადგენლები უახლოეს მომავალში ფოლკლორული ფესტივალის მოწყობას გეგმავენ, რაც ქეთევან ტრიპოლსკის განცხადებით, ამიერკავკასიის მშვიდობისა და ერთიანობის საკითხის ერთგვარი გამოხმაურება იქნება.
ამასთან, შეხვედრაზე პოლონური მწერლობის ქართულად თარგმნის პერსპექტივაზე ისაუბრეს. ეს იდეა კომიტეტის თავმჯდომარემ მიაწოდა ასოციაციის პრეზიდენტს.
ნუგზარ წიკლაურის თქმით, თანამედროვე ქართველი და პოლონელი მწერლების ნაწარმოებების თარგმნა კიდევ უფრო დააახლოებს ამ ორ ერს და ისტორიულად ჩამოყალიბებული მეგობრობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.
საქართველოში დაახლოებით 80000 პოლონური წარმომავლობის მოქალაქე ცხოვრობს.