31 ოქტომბერს შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში გაეროს კლიმატის ცვლილებების კონფერენცია გაიხსნა. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, მსოფლიო ინდუსტრიული სახელმწიფოებისთვის, შესაძლოა, ეს სამიტი ბოლო შანსი გახდეს შეათანხმოს ღონისიებები, რომლებიც პლანეტაზე გლობალური დათბობის პროცესს შეაჩერებენ.
გლობალური დათბობის შედეგები - წყალდიდობა, გვალვა, სურსათის ნაკლებობა შესამჩნევია არამხოლოდ განვითარებად, არამედ მსოფლიოს მდიდარ ქვეყნებშიც.
ექსპერტების პროგნოზით, ამ ფონზე მსოფლიო ლიდერების შეხვედრა დიდ ბრიტანეთში, შესაძლოა გახდეს ყველაზე მნიშვნელოვანი კონფერენცია ამ სფეროში 2015 წელს პარიზის კლიმატის შეთანხმების მიღების შემდეგ.
პარიზის შეთანხმების მიზანს წარმოადგენდა არ დაეშვათ 21-ე საუკუნეში პლანეტაზე საშუალო ტემპერატურის ორ ან უკეთეს შემთხვევაში ერთნახევარ გრადუსზე მეტად გაზრდა. პოლიტიკოსებისა და ეკოლოგების კონსენსუსის თანახმად, ეს მაჩვენებელი წარმოადგენს ზღვარს, რომლის იქითაც კლიმატის ცვლილება, შესაძლოა, აღმოჩნდეს შეუქცევადი პროცესი და გავლენისმომხდენი ყველა ადამიანურ და ბუნებრივ ეკოსისტემაზე.
პარიზის კლიმატის შეთანხმების მიღების შედეგად მისი მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ყოველ ხუთ წელიწადში განაახლებდნენ თავიანთ გეგმებს სათბურის გაზების გამონაბოლქვის შემცირების მიმართულებით.
თუმცა კონფერენციის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე გაირკვა, რომ ჩინეთმა, ინდოეთმა და საუდის არაბეთმა დროულად არ გამოაქვეყნეს (2021 წლის 31 ივლისამდე) თავიანთი ეროვნული კლიმატის მიზნები.
ამ ფონზე დიდმა ბრიტანეთმა იტალიასთან ერთად მოითხოვა, რომ მონაწილე ქვეყნებს წარმოედგინათ განახლებული გეგმები, ასევე შეემუშავებინათ კონკრეტული შეთანხმებები კლიმატური მიზნების მიაღწევად. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა გააფორმონ კონკრეტული შეთანხმებები "ქვანახშირზე, ავტომობილებზე, ფინანსურ სახსრებსა და ხე-ტყეზე".
ზოგიერთმა ქვეყანამ, რომლებიც ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ყველაზე მეტ რაოდენობას წარმოქმნიან, მათ შორის აშშ-მა და ჩინეთმა, უკვე დადეს პირობა, რომ საუკუნის შუა პერიოდში კლიმატურად ნეიტრალურები გახდებიან.
სათბურის გაზების გამონაბოლქვის ყველაზე მეტი რაოდენობა მოდის მდიდარ, განვითარებულ სამრეწველო ქვეყნებზე. ამასთან დაკავშირებიით, გლაზგოში გაეროს კლიმატის ცვლილებების კონფერენციაზე მთავარი თემა იქნება ამ ქვეყნების მხრიდან ფინანსური დახმარების გაზრდის საკითხი ღარიბი და განვითარებადი ქვეყნების მიმართ, რომლებიც ყველაზე მეტად ზარალდებიან კლიმატის ცვლილებების შედეგებისგან.
გაეროს კლიმატის ცვლილებების კონფერენციის ფარგლებში მთავარი მოლაპარაკებები 2021 წლის 31 ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე გაიმართება. აღნიშნულ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ არამხოლოდ პოლიტიკური ლიდერები, არამედ მეცნიერები, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.