"ნაციონალური მოძრაობა", ოპოზიციური პარტიებთან ერთად, საპროტესტო აქციას 7 ნოემბრის ნაცვლად, 6 ნოემბერს გამართავს. აქციის თარიღი მისი დაანონსების შემდეგ, რამდენიმე საათში პარტიაში დააზუსტეს.
თავდაპირველად, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე დღეს გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ ოპოზიცია კვირას, 7 ნოემბერს საპროტესტო აქციას გამართავდა.
მოგვიანებით, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ აქციის დაგეგმვის დროს თარიღები აირია. მან კატეგორიულად გამორიცხა აქციის 7 ნოემბერს ჩატარება.
როგორც მან "ტვ პირველის" ეთერში განმარტა, აქცია ჩატარდება, თუმცა აქციის გამართვის ზუსტი დრო არ დაუსახელებია.
"7 ნოემბერს არ იქნება, მოდი პირდაპირ გავხსნი კარტებს. ნიკამ კვირა თქვა, თუმცა მე ახლა ნიკას მაგივრად ვერ ვიტყვი. აქციის გამართვა გადაწყვეტილია, აქცია იქნება 6-ში ან 8 ნოემბერს. სხვა ციკლში არ გადაიწევს, უბრალოდ, 7 ნოემბერს არ იქნება, რადგან 7-ში არ უნდა იყოს", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.