ოპოზიცია 7 ნოემბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მასშტაბურ საპროტესტო აქციას აანონსებს. ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
"აქ ძალიან ბევრჯერ გადაწყვეტილა ამ სახელმწიფოს ბედი უკეთესობისკენ და ძალიან მალე კიდევ ერთხელ გადაწყდება ამ სახელმწიფოს ბედი უკეთესობისკენ თითოეული ჩვენგანის მონაწილეობით, ძალიან მალე.
თუკი რამე გამოხატავს სიყალბეს, ეს გახლავთ გუშინდელი თითქოს ქართული ოცნების მიერ დაფიქსირებული საარჩევნო შედეგები. მე არ მახსოვს არცერთი არჩევნები უკანასკნელ წლებში ჩატარებული და არამხოლოდ უკანასკნელ წლებში, რომლის შედეგებთანაც მიმართებაში, საზოგადოებაში არის ესოდენ დიდი კონსენსუსი, რომ ეს არჩევნები არა უბრალოდ ტოტალურად გაყალბდა, არამედ ყველაფერი იკადრეს თავისი ძალადობით, შანტაჟითა და მუქარით. ყველაფერი იკადრეს პირველ ტურშიც, მაგრამ არ ეყოთ. მათ ყველაფერი იკადრეს მეორე ტურში, მაგრამ შედეგი, რომელიც გაიფორმეს, ჩვენ არ ვიღებთ და ვიბრძვით სამართლიანობისთვის და ვიბრძვით, დიახაც, ახლა, როგორც არასოდეს, დღეს უფრო ემტად, ვიდრე გუშინ გამარჯვებისთვის. დიახაც, ხალხის ხმა უნდა შეისმინოს ხელისუფალმა, ოლიგარქმა, მთავრობამ? არა ხალხის ხმამ უნდა შეისმინოს მოძალადეთა ერთობამ, რომელმაც უბრალოდ დაირქვა სახელად ქართული ოცნება.
ჩვენ თქვენთან ერთად არ ვაპირებთ უკან დახევას. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. უდიდესი მადლობა ადამიანს, რომელიც წირავს თავის სიცოცხლეს იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში საქართველოს დროშა თავისუფლად ფრიალებდეს. დიდი მადლობა იმ ადამიანს, რომელიც შიმშილობს სამარტოო საკანში. ვიცი, ახლა გვადევნებს თვალყურს და მინდა, მივმართო: მე ვიცი, რას განიცდი ახლა შენ. მე, როგროც შენი თანაგუნდელი, როგორც საქართველოს მოქალაქე. ბევრი ეცადეს, რომ ჩვენ შორის შუღლი ჩამოეგდოთ, მაგრამ როდესაც ამ მცდელობებს ვხედავდი, კიდევ მეტი მოტივაცია მიჩნდება იმისთვის, რომ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ერთ-ერთი ჩვენგანი იყო გარეთ, დიდი ქართველი და ღირსეული". - თქვა ნიკა მელიამ.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს.
განახლება: კვირას, 7 ნოემბერს დაანონსებული აქციის თარიღი მოგვიანებით შეიცვალა. "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, საპროტესტო აქცია თავისუფლების მოედანზე არა 7 ნოემბერს, არამემ 6 ნოემბერს გაიმართება.
ფოტო: AP/Zurab Tserttsvadze