ჩვენი პოლიტიკური სისტემა პოლიტიკოსებს აიძულებს, რომ ითამაშონ თამაში – გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი. დამარცხებულს არაფერი რჩება და როცა დამარცხებული ხარ და არაფერი არ გრჩება, გრჩება ერთადერთი რამ, ქუჩა, - განაცხადა კონსტიტუციონალისტმა, ვახუშტი მენაბდემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021“.
ჩვენი პოლიტიკური სისტემა დიდი ხანია, თამაშის ერთადერთ წესზე დგას, რომელიც ასე ჟღერს – გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი.
„ეს ჩვენ სისტემაში სტრუქტურულად არის გაფორმებული და ყველაფერი ასე მუშაობს. ასე მუშაობს საარჩევნო სისტემა; შემდეგ, ასე მუშაობს პარლამენტში გადაწყვეტილების მიღების სისტემა და მერე უკვე, ასე მუშაობს პოლიტიკური პარტიები. ჩვენთან ყველა გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობა და შესაბამისად, მათ სისტემაც უბიძგებს აქეთკენ, რომ ასეთები იყვნენ, როგორებიც არიან. ჩვენი პოლიტიკური სისტემა პოლიტიკოსებს აიძულებს, რომ ითამაშონ თამაში – გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი. დამარცხებულს არაფერი არ რჩება და როცა დამარცხებული ხარ და არაფერი არ გრჩება, გრჩება ერთადერთი რამ, ქუჩა. აი, აქედან არის მერე იქნებ, რიგგარეშე, იქნებ, რაღაც რევოლუცია, თუ ასე შემდეგ, რომ როგორღაც, მერე მე გავხდე ის, ვინც ყველაფერს წაიღებს. თუ ჩვენ ისეთი სისტემა გვექნება, რომელიც ამ ძალაუფლებას და გადაწყვეტილებების მიღებას გადაანაწილებს-გააზიარებს, ჩვენი პოლიტიკოსები იძულებული იქნებიან, ეს გააკეთონ“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.