პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს სიძლიერე არა ტანკების, რაკეტებისა და ავტომატების რაოდენობაში, არამედ ერთობაშია.
"არიან დიდი სახელმწიფოები, რომლებიც საქართველოში სხვადადსხვა ფუნქციას ასრულებენ. ერთმა სახელმწიფომ როკის გვირაბი და სამხედრო გზა ააშენა, მეორე კი, თბილისი-ახალქალაქის გზის მშნებელობაში დაგვეხმარა. მაგრამ საქართველოს გათავისუფლება, ერთიანობის აღდგენა მხოლოდ ყველა ჩვენგანის საქმეა, რომელიც ერთად, თითოეული ჩვენთაგანის ხელით არის შესაქმნელი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ახალქალაქში, თბილისი-ახალქალაქის საავტომობილო გზის გახსნის შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას.
"საქართველოში, ბოლო ეპოქებში აშენდა სამი მნიშვნელოვანი გზა. პირველი: ქართული სამხედრო გზა, რომლის მიზანი იყო კავკასიის და საქართველოს თავისუფლების მოსპობა, დამონება და კოლონიზაცია, მეორე -როკის გვირაბი, რომელიც ამ რეგიონსა და საქართველოს დანარჩენ რეგიონებს შორის არსებული საუკონოვანი კავშირების ჩაჭრას ემსახურებოდა და მესამე - თბილისი-ახალქალაქის დამაკავშირებელი ეს გზა, რომელიც როკის გვირაბის სრული საწინააღმდეგოა, რადგან ეს არის საქართველოს გაერთიანების, საქართველოს რეგიონების ერთმუშტად შეკვრისა და გათავისუფლების გზა. გილოცავთ ამ გზას, გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს", - მიმართა ქვეყნის პირველმა პირმა ახალქალაქელებს.
შეგახსენებთ, რომ თბილისი-ახალქალაქის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ექსპლოატაციაში შევიდა.
გზის 224 კილომეტრიანი მონაკვეთი დღეს თავად მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.
ყველაზე მასშტაბური საგზაო პროექტის განხორციელებით,
დედაქალაქიდან ახალქალაქში ჩასვლა 8 საათის ნაცვლად 2.5 საათში ხდება შესაძლებელი.
ახლადგახსნილი გზა სამცხე-ჯავახეთს ქვემო ქარლთან აკავშირებს.
სამუშაობზე სულ 209 მილიონი დოლარი დაიხარჯა და ის აშშ-ის მთავრობამ და "ათასწლეულის გნვითარების კორპორაციამ" დააფინანსა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში გზის გასწვრივ 200 ათასი ხეც დაირგო. ამასთან მოხდა 15 ხიდის აშენება.
გზის 224-კილომეტიანი მონაკვეთის მშენებლობას 2 წელი დასჭირდა და მასზე 300 ათას 600 ადამიანი მუშაობდა.