უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც საუბარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევების შესახებ.
"ქალაქ რუსთავს მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში უკრაინის მოქალაქის, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების მონიტორინგის შედეგად, უმაღლესი რადის უფლებამოსილი პირი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ლუდმილა დენისოვა გამოთქვამს მტკიცე პროტესტს საქართველოს ხელისუფლების მიერ სააკაშვილისთვის სამოქალქო საავადმყოფოში სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმის, ასევე მისი პროცესუალური უფლებების უხეში დარღვევების გამო", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
კერძოდ, დენისოვას თქმით, სააკაშვილის მიმართ აღძრული ორი სისხლის სამართლის საქმის განხილვა მიმდინარეობს პროცესუალური დარღვევებით. "სასამართლო სხდომები არ ინიშნება უკვე მეორე თვეა, ხოლო შუამდგომლობა სასამართლო სხდომების დანიშვნის შესახებ ადვოკატებისა და პირადად მიხეილ სააკაშვილის, რომელიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, იგნორირებულია და არ განიხილება", - აღნიშნულია განცხადებაში.
დენისოვას თქმით, საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ასეთი ქმედებები წარმოადგენს ადამიანის უფლებების დაცვისა და ფუნდამენტური თავისუფლების კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევას.
დენისოვას განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობას აკვირდება მხოლოდ პენიტენციური დაწესებულების ექიმი-თერაპევტი და არა ვიწრო პროფილის სპეციალისტი, ასევე სააკაშვილს აკრძალული აქვს ტელეფონით კონტაქტი ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან და მის მიერ არჩეულ სასულიერო პირებთან. სახალხო დამცველის თქმით, ეს არის გარე სამყაროსთან კავშირის უფლებისა და აღმსარებლობის თავისუფლების დარღვევა.
"2021 წლის 27 ოქტომბერს, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ლუდმილა დენისოვას მიერ მიხეილ სააკაშვილის მონახულების დროს, ის იყო ფერმკრთალი და გაფითრებული, უჭირდა ლაპარაკი. მან წონაში დაიკლო 14 კგ. სააკაშვილმა სახალხო დამცველს სთხოვა დახმარება სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე, სადაც თავს იგრძნობს უსაფრთხოდ და მიიღებს აუცილებელ სამედიცინო დახმარებას", - ნათქვამია ანგარიშში.
დენისოვას განცხადებით, ის რომ ექიმების კონსილიუმის რეკომენდაციის მიუხედავად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი თქვა და შესთავაზა ციხის საავადმყოფო, კატეგორიულად მიუღებელია, რადგან იქ არ არიან კვალიფიციური ექიმები და არ არსებობს შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა. დენისოვას თქმით, ასევე ამ დაწესებულებაში სისხლის სამართლის დამნაშავეების ყოფნის გამო, შესაძლო საფრთხე შეექმნას სააკაშვილის სიცოცხლეს.
"სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვისა და ფუნდამენტური თავისუფლების კონვენციის მე-3 მუხლს", - აცხადებს უკრაინის სახალხო დამცველი.
"საქართველოს ხელისუფლების ასეთი ქმედებები ცხადად წარმოადგენს წამებას და უკრაინის მოქალაქის, რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლის უფლების წართმევას, რაც არის 2020 წელს საქართველოს მიერ რატიფიცირებული სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-6, მე-7, მე-9, მე-14 და მე-18 მუხლების დარღვევა", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
დენისოვა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სააკაშვილის უფლებების დარღვევა, ხოლო სახელმწიფოებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ მტკიცედ დაგმონ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებები, რომლებიც არღვევენ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის უფლებებს და საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვონ მისი უფლებების დაცვა.
მიხეილ სააკაშვილი ციხეში 30-ე დღეა შიმშილობს.