"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, ანზორ მელიამ არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.
მელია ამბობს, რომ საკუთარ გამარჯვებაში ღრმად არის დარწმუნებული.
"ბედნიერი ვარ, რომ მოვესწარი ამ დღეს. ახლა ვიყავი ჩემი მშობლების სასაფლაოზე. მივედი, ვუთხარი მშობლებს, რომ დაველოცე - უნდა გენახათ, მანქანების რიგი დადგა, ხალხი მორბოდა, ყველა წარმატებებს მისურვებდა, მკოცნიდა და მეხვეოდა. ეს არის საყოველთაო სიყვარული და ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. მე მწამს, რომ გავიმარჯვებ, მაგრამ ეს მთავრობა ყველაფერზეა წამსვლელი. დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდელები მე მიჭერენ მხარს. დამიდგეს ჩემი კონკურენტი და ერთად გავიაროთ ქუჩებში - ვისაც უფრო ბევრი მოწონება ექნება, ვნახავთ. მიხარია, რომ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ვარ. თავს შევწირავ ზუგდიდელებს და ყველაფერს გავაკეთებ, რათა შევუმსუბუქო ხალხს ყოფა-ცხოვრება", - განაცხადა ანზორ მელიამ.
ამასთან, ზუგდიდის მერობის კანდიდატის თქმით, მისი გამარჯვება მიხეილ სააკაშვილის გამარჯვებაც იქნება.
"მინდა, რომ მესამე პრეზიდენტი იყოს ჯანმრთელად და ბედნიერად, ამას ვუსურვებ. ჩემი გამარჯვება იქნება ბატონი მიხეილის გამარჯვებაც", - დასძინა მელიამ.