"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისა და თბილისის მერობის ოპოზიციის საერთო კანდიდატის ნიკა მელიას განცხადებით, გამარჯვებას კოალიციური მმართველობა მოიპოვებს. ამის შესახებ მან ხმის მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამის საფუძველს იძლევა უკვე წინასწარი მონაცემები, რომელიც არსებობს და გამოცხადება საარჩევნო უბნებზე 10:00 საათისთვის და არის გაცილებით მაღალი, ვიდრე პირველ ტურში.
"თქვენ იცით, რომ როგორც წესი, მეორე ტურებში ტრადიციულად ყველგან, ყველა ქვეყანაში, მათ შორის რა თქმა უნდა, საქართველოშიც საარჩევნო უბნებზე გამოცხადება არის ნაკლები, ვიდრე პირველ ტურში, მაგრამ წელს არის გამონაკლისი, რისი მოლოდინიც გვქონდა, ის ხდება. ეს ნიშნავს, რომ თბილისმა გაიღვიძა, ეს ნიშნავს, რომ თბილისი იღვიძებს და თბილისი არჩევანს აკეთებს მრავალფეროვნების სასარგებლოდ. სასიხარულოა, რომ არის უდიდესი ისტორიული შანსი, ხვალ ჩვენ მივიღოთ სულ სხვა თბილისი. თითოეულმა ჩვენგანმა შევცვალოთ ყველაფერი უკეთესობისკენ, შევცვალოთ თბილისი უკეთესობისკენ, შევცვალოთ საქართველო უკეთესობისკენ . მრავალფეროვნება იქნება და არის საწინდარი, გარანტია იმისა, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტი იქნება დაცული", - განაცხადა ნიკა მელიამ.
მელიას თქმით, ჰაერში მართლაც ტრიალებს გამარჯვების სურნელი, მსგავსი არაფერი არ შეიმჩნეოდა პირველ ტურში.
მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, ნუ იდარდებს, ნუ ინერვიულებენ, ასე მუშაობს დემოკრატია. მესმის, რომ მათ აქვთ გარკვეული შიშები ხელისუფლების დათმობის, მაგრამ ეს ადრე თუ გვიან, უნდა მომხდარიყო და ეს ხდება დღეს, ეს ხდება თბილისში, ეს ყველაფერი იწყება თბილისიდან. თბილისში გამარჯვების შემდეგ, ჩვენ შევქმნით პრეცედენტს და საქმით დავამტკიცებთ, რომ კოალიციური მმართველობა არის ერთადერთი სწორი ფორმა მმართველობის, რომელიც გადატანილი იქნება ცენტრალურ დონეზეც“, – განაცხადა ნიკა მელიამ.