საქართველოში აშშ-ის ელჩის, ჯონ ბასის შეფასებით, თბილისი-ახალქალაქის დამაკავშირებელი გზის ექსპლუატაციაში შესვლით "სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონების ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო".
"დღეს საქართველოსთვის მართლაც მნიშვნელოვანი დღეა. ამ გზის გახსნით სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონების ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. ამ რეგიონების მოსახლეობას ექნება საშუალება საკუთარი პროდუქცია თბილისში ჩამოიტანოს, რაც ეკონომიკის განვითარებას ძალიან შეუწყობს ხელს. ასევე გაჩნდება შესაძლებლობა თურქეთიდან მომავალმა ავტომობილებმა საქართველოს გავლით ისარგებლონ", - განუცხადა ბასმა ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, შესაბამისი პროექტი "საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის კარგი მაგალითია".
შეგახსენებთ, რომ თბილისი-ახალქალაქის დამაკავშირებელი გზა ექსპლოატაციაში შევიდა.
გზის 224 კილომეტრიანი მონაკვეთი დღეს თავად მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.ყველაზე მასშტაბური საგზაო პროექტის განხორციელებით,
დედაქალაქიდან ახალქალაქში ჩასვლა 8 საათის ნაცვლად 2.5 საათში ხდება შესაძლებელი. ახლადგახსნილი გზა სამცხე-ჯავახეთს ქვემო ქართლთან აკავშირებს. სამუშაობზე სულ 209 მილიონი დოლარი დაიხარჯა და ის აშშ-ის მთავრობამ და "ათასწლეულის გნვითარების კორპორაციამ" დააფინანსა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გზის გასწვრივ 200 ათასი ხეც დაირგო. ამასთან მოხდა 15 ხიდის აშენება.
გზის 224-კილომეტიანი მონაკვეთის მშენებლობას 2 წელი დასჭირდა და მასზე 300 ათას 600 ადამიანი მუშაობდა.