სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ბოროტება, ეს არის რევანშისტული პოლიტიკური ძალა, რომლის ერთადერთი მიზანია, შექმნას არეულობა და ქაოსი ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არავინ, ვინც მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე შეტევის მიტანას, არ დარჩება დაუსჯელი.
„მინდა, გამოვეხმაურო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამ ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ბოროტება, ეს არის რევანშისტული პოლიტიკური ძალა, რომლის ერთადერთი მიზანია, შექმნას არეულობა და ქაოსი ჩვენს ქვეყანაში. სახელმწიფო და ხელისუფლება დგას მოწოდების სიმაღლეზე და არავის მისცემს ამგვარი მიზნების განხორციელების საშუალებას. მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მის თითოეულ შესაბამის თანამშრომელს ამ გეგმის დროულად გამოვლენისა და დროული რეაგირებისათვის. არავინ, ვინც მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე შეტევის მიტანას, არ დარჩება დაუსჯელი. კანონის წინაშე და კანონის შესაბამისად, ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის იმიტირებული ქრონიკის ნამდვილ მიზანს. დაგეგმილი იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების სიმულირება, რათა უწყება იძულებული გამხდარიყო, მოეხდინათ სააკაშვილის სხვა ლოკაციაზე გადაადგილება, რასაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მძიმე პროვოკაციის მოწყობის შანსი უნდა მიეცა. ნებისმიერ ასეთ მცდელობასაც სახელმწიფო სათანადო რეაგირებას დაუპირისპირებდა. დღეს ყველამ დაინახა, რომ სააკაშვილის იმიტირებული შიმშილობა ისეთივე წარუმატებლობისთვისაა განწირული, როგორც მისი ქურდული შემოპარვა საქართველოში“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში გამოქვეყნებულ „იფსოსი“ კვლევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოციოლოგიური კვლევის შედეგების გაყალბებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ წინა კვლევებისა და ეგზიტპოლების მცდარი მონაცემები არა არაკომპეტენტურობის, არამედ უხეში გაყალბების შედეგი იყო.
„აუცილებლად უნდა გამოვეხმაუროთ ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზიის – „მთავარის“ მიერ სოციოლოგიური კვლევის შედეგების გაყალბებას, რამაც კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ წინა კვლევებისა და ეგზიტპოლების მცდარი მონაცემები არა არაკომპეტენტურობის, არამედ უხეში გაყალბების შედეგი იყო. ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აყალბებდნენ არჩევნებს, ახლა კვლევებისა და ეგზიტპოლების გაყალბებით ცდილობენ საკუთარი დესტრუქციული მიზნების განხორციელებას. დიდი შეცდომა იქნება, თუ ამ სამ ინფორმაციას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განვიხილავთ. ბუნებრივია, სააკაშვილის იმიტირებული შიმშილობით, სოციოლოგიური კვლევების გაყალბებითა და არეულობის გეგმების შედგენით იკვრება წრე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ბოროტ ბუნებასა და მის რევოლუციურ და დესტრუქციულ გეგმებს კიდევ ერთხელ ადასტურებს. მინდა, ასევე, გამოვეხმაურო, კიდევ ერთ საკითხს, გახარიას პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელისა და ბათუმის საკრებულოს ახლად არჩეული წევრის, ირაკლი თავდგირიძის მიერ ამ პარტიის დატოვებას და ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგისგან ღიად გამიჯვნას.
დღეს ყველა, ვინც სათანადოდ აფასებს მოვლენებს, ხედავს, რომ საზოგადოებას აქვს მკაფიო არჩევანი დესტრუქციასა და მშვიდობას შორის. ასეთ დროს, პოზიციის არდაკავება, სახლში დარჩენა და არჩევანის არგაკეთება დესტრუქციისთვის შანსის მიცემას ნიშნავს. შესაბამისად, მივესალმებით ირაკლი თავდგირიძის პრინციპულ გადაწყვეტილებას ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგისგან საჯაროდ გამიჯვნასთან დაკავშირებით. ამ ქვეყანას სჭირდება არა ქაოსი და არეულობა, არამედ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. სწორედ ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ, ხვალ მოდით არჩევნებზე და 2 ოქტომბრის გამარჯვება ერთად მივიყვანოთ ბოლომდე.
მოვუწოდებთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, ხვალ, კენჭისყრის დღეს, არ გაბედონ პროვოკაციების მოწყობა და ამომრჩეველს მისცენ მშვიდ გარემოში ხმის მიცემის შესაძლებლობა. ასევე, მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, სიმშვიდით შეხვდნენ ნებისმიერ შესაძლო პროვოკაციას.
ამასთან, მოვუწოდებ მხარდამჭერებს, ნებისმიერი პროვოკაცია გადაიღონ, გამოგვიგზავნონ და/ან სოციალურ ქსელში ატვირთონ. გვჯერა, ხვალ ჩვენი მოქალაქეები საბოლოოდ ეტყვიან უარს ბოროტებას, ძალადობასა და სიცრუეს და მხარს დაუჭერენ განვითარებას, მშვიდობასა და სტაბილურობას, რაც ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის, ადამიანების დასაქმებისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებელი პირობაა. არჩევნების მეორე დღიდან, მომდევნო წლების განმავლობაში, ჩვენი ძალისხმევა თავიდან ბოლომდე ამ მიზნისკენ იქნება მიმართული. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მოდით არჩევნებზე. კიდევ ერთხელ უარი უთხარით ნაციონალურ მოძრაობას, ბოროტებას, არეულობას, სიცრუეს, აირჩიეთ მშვიდობა და განვითარება. აირჩიეთ ჩვენი კანდიდატები თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში, ოზურგეთში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, მარტვილში, სენაკში, ხობში, წყალტუბოში, ბაღდათში, ცაგერში, ხელვაჩაურში, თიანეთში, ქარელსა და ხაშურში. ჩვენი ერთიანობით, 2 ოქტომბრის გამარჯვება ხვალ უნდა მივიყვანოთ ბოლომდე“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.