საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართავს და აცხადებს, რომ მისი და საქართველოს ბედიც მოქალაქეების ხელშია.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მეორე ტური გადამწყვეტია ქართული დემოკრატიისთვის, მომავლისთვის და მისი სიცოცხლისთვის.
"ხვალ არის მეორე ტური და ის გადამწყვეტია ქართული დემოკრატიისათვის, ჩვენი მომავლისთვის და ჩემი სიცოცხლისთვის. მე მინდა თქვენ იცოდეთ, რომ ჩემი სიცოცხლის გაგრძელება მთლიანად მიბმულია თქვენს ხვალინდელ გადაწყვეტილებაზე და საქართველოს გამარჯვებაზე.
დღეს ჩემი შიმშილობა სრული მოცულობით გრძელდება, მაგრამ მაქვს თითოეული თქვენთაგანის იმედი, და ესე იგი გამარჯვებული ხვალის იმედი.
გთხოვთ, დღეს დღის ბოლომდე და ხვალ დილიდან გადაურეკოთ ყველა ნათესავს, ახლობელს, ვინც არ აპირებდა არჩევნებზე მისვლას და გაიყოლოთ თან. ყოველი ადამიანის მონაწილეობა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ასევე მინდა გთხოვოთ ხვალ საღამოს შეიკრიბოთ ხელახლა საარჩევნო უბნებთან რათა ერთად დავიცვათ ხმები, ივანიშვილს უნდა, რომ საბოლოოდ გაგვტეხოს და დაგვიმორჩილოს. თქვენ ხელშია ახლა საქართველოს და ჩემი ბედიც.
მე ღრმად მწამს გამარჯვების და გამარჯვებასთან ერთად საზოგადოების შერიგების და გამთლიანების, ჭრილობების მოშუშების და განსხვავებული შეხედულებების ადამიანების ერთობლივი წინსვლის და წარმატების, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში