ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ჩრდილოკავკასიაში მოქმედი ტერორისტები მხარდაჭერას საქართველოდან იღებენ. ეს განცხადება რამზან კადიროვმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისივე თქმით, რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოები ამჟამად ერთი ბოევიკის დაკავებისათვის სამუშაოს აწარმოებენ, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა.
"ძებნილი დამნაშავე დაიბადა და აღიზარდა საქართველოში და არის ამ ქვეყნის მოქალაქე. მან იცის ჩეჩნური ენა. ეს ადამიანი რუსეთის ტერიტორიაზე მესამე ქვეყნის გავლით მოხვდა", _ აცხადებს კადიროვი და დასძენს, რომ ძებნილი დამნაშავე დანაშაულის მთელი სერიის ჩადენაშია ბრალდებული.
ამასთან ერთად, რამზან კადიროვი ასევე აღნიშნავს, რომ რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკვე არაერთგზის დააკავეს ტერორისტული იატაკქვეშეთის წარმომადგენლები, რომლებსაც ქართული პასპორტები ჰქონდათ. ჩეჩნეთის მეთაური ასევე აღნიშნავს, რომ რესპუბლიკის ხელისუფლება ძალიან შეშფოთებულია ამ ფაქტის გამო.
"ჩვენ ეს გარემოება ძალიან გვაშფოთებს. გვაშფოთებს ასევე ის, რომ მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიიდან აქ აგრძელებს შემოღწევას ისეთი ხალხი, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ჩემს კომპეტენციაში არ არის ვთქვა არის თუ არა ყოველივე ეს თბილისის მიერ გატარებული ოფიციალური პოლიტიკის შედეგი. მაგრამ ფაქტები ჯიუტი რამაა", _ აცხადებს რამზან კადიროვი.
მისივე თქმით, დაკავებული ბოევიკები აცხადებენ, რომ "დღემდე არის შემთხვევები იმისა, რომ ჩეჩნეთის ტყეებში დაჭრილი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წევრები მკურნალობას საქართველოში გადიან".
"საუბარია იმ ბანდიტებზე რომლებიც თანამონაწილენი არიან იმამების, მილიციელების და დასახლებული პუნქტების მეთაურთა მკვლელობებისა. ასევე ეს ბანდიტები აცხადებენ, რომ მათთან საქართველოში ყოფნის დროს კონტაქტზე გამოდიოდნენ ადამიანები, რომლებიც თავს გარკვეული სამსახურების თანამშრომლებად აცხადებენ და მათ ეხმარებიან კიდეც", _ აცხადებს კადიროვი.
მისივე თქმით, ტერორისტების მხარდაჭერა საქართველოს გარკვეული ძალების მიერ ადრეც ხდებოდა.
"ჩვენ კარგად გვახსოვს ის დროც, როდესაც საქართველო საჯაროდ უარყოფდა თავის ტერიტორიაზე ბოევიკების ბაზების არსებობას, ამავე დროს კი იქ ძალას იკრებდა და ფრთას შლიდა რუსლან გელაევის რაზმი, რომელიც ბოლოს რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრა სადაც გაანადგურეს კიდეც", _ აცხადებს რამზან კადიროვი.