მე მინდა, მერიის თანამშრომლებს მივმართო, მე "ბაბა იაგა" არა ვარ - განაცხადა ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ ზუგდიდში გამართულ აქციაზე.
ანზორ მელიას განცხადებით, ზუგდიდის მერია კორუფციისგან უნდა გათავისუფლდეს. მისივე თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მერიის პროფესიონალი თანამშრომლები სამსახურს შეინარჩუნებენ.
მე მინდა, მერიის თანამშრომლებს მივმართო, მე "ბაბა იაგა" არ ვარ. ვინც ღირსეულია, ვინც კვალიფიციური თანამშრომელია, ვინც პატიოსანია, ვისაც უყვარს ზუგდიდი და არაა გადასული ფულის შოვნაზე, ყველანი დარჩებიან, მაგრამ შეივსება ახალგაზრდა ნიჭიერი კადრებით, რომლებიც საქმის მცოდნენი იქნებიან. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ კორუფციისგან მერია.
მინდა ვთქვა, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში 1 მილიონზე მეტი ქართველია გასული ემიგრანტად. ბავშვები იზრედებიან დედის სითბოს გარეშე. ეს სკაიპით რომ შეიძლებოდეს ბავშვების გაზრდა, მაშინ სკაიპითაც შესაძლებელი იქნებოდა ბავშვების გაკეთება.
ღირსეულად უნდა დავაბრუნოთ ეს ხალხი სამშობლოში. სკოლაში 14 -000 ბავშვს უფასო კვება უნდა ჰქონდეს. პენსიონერებს უნდა გავუზარდოთ პენსია და ჩავუსახოთ იმედი ხვალინდელი ბედნიერი დღის.
ხმა მომეცით, 30-ში მოდით, ნუ შეგეშინდებათ ამათი, ზეწოლას უარი, ყველა ერთად დავდგეთ, ჩემი გუნდი თქვენს ხმებს სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე დაიცავს. მინდა, საქართველო გამარჯვებული და გაბრწყინებული ვნახო, მე ვიქნები თქვენი მეგობარი, ჩემი ტელეფონი მუდმივად ჩართული იქნება", - თქვა ანზორ მელიამ.