ქართული მხარე საქართველოში ჩამოსვლისგან თავის შეკავებასთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლების მიერ საკუთარი მოქალაქეების გაფრთხილებას "ადეკვატურად" აფასებს.
"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონით დაუსჯელი ნამდვილად არ დარჩება იმ პირთა ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა, რომლებიც კონფლიქტურ რეგიონებში უკანონოდ იმყოფებოდნენ. აქედან გამომდინარე, ეს რუსეთის მხრიდან ამ კანონმდებლობის მიმართ ადეკვატური პასუხია", - განუცხადა კალანდაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" სერგეი ლავროვის უწყების შესაბამის ოფიციალურ განცხადებაზე კომენტირებისას და აქვე დასძინა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უკანონო გზით მყოფთა რაოდენობა დიდია.
"სხვა შემთხვევაში კი, რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია საქართველოში უპრობლემოდ შემოსვლა. მეტიც, მათთვის გამარტივებული სავიზო წესებიც კი გვაქვს შემოღებული", - განმარტა მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, რუსეთის საგარეო უწყებამ საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში ჩასვლისგან თავის შეკავებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. იმ პირებს, რომლებიც თავის დროზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ოფიციალურ თბილისთან შეთანხმების გარეშე იმყოფებოდნენ, განუმარტა, რომ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის" შესაბამისად, მათ სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრებოდათ.