საქართველოს საუკეთესო ინტერესში არაა საპარლამენტო არჩევნებამდე კიდევ 3 წელი დაცდა - ამბობს ნატო-ში ამერიკის ყოფილი ელჩი და ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის წარმომადგენელი კურტ ვოლკერი "ამერიკის ხმასთან" საუბარში.
კურტ ვოლკერის განცხადებით, ვქვეყანას გადატვირთვა სჭირდება ეროვნული არჩევნების კუთხით. მისივე თქმით, პოლარიზაცია ქვეყანაში გაგრძელდება იქამდე, ვიდრე შემდეგი არჩევნები არ გაიმართება.
"კრიზისი წლებია გრძელდება, განსაკუთრებით ბოლო წელში გამძაფრდა. საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები მწყობრში უნდა მოვიდეს, ეს რთულია, რადგან ვითარება პოლარიზებულია და საქმე გვაქვს ლეგალურ საკითხებთან. სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლეს, ის ბრალდებულად ცნეს, კანონიერად ამის უბრალოდ შეცვლა რთულია. ჩემი რეკომენდაციაა, რომ ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა ერთად უნდა იმუშაონ, რათა გადაიხედოს სასამართლო საქმე, არგუმენტები, სამხილები და ა.შ. მათ უნდა განსაზღვრონ რამდენად შესაბამისა განაჩენი და რა უნდა იყოს წინ წასასვლელი გზა. ვფიქრობ, ეს საკითხი მართლმსაჯულების კუთხით გარკვეულ ნათელს მოჰფენს ვითარებას. ვფიქრობ, ქვეყანას გადატვირთვა სჭირდება ეროვნული არჩევნების კუთხით. ჩემი რჩევა იქნებოდა, აიღეთ შარლ მიშელის გეგმის ელემენტები, გაატარეთ სასამართლო და საარჩევნო რეფორმები და ამ ბაზაზე, შემდეგ ახალი არჩევნები ჩაატარეთ 2023 წლის დასაწყისში, ან დაახლოებით ამ დროს. ქვეყნის საუკეთესო ინტერესში არაა საპარლამენტო არჩევნებამდე კიდევ 3 წელი დაცდა. პოლარიზაცია ქვეყანაში გაგრძელდება იქამდე, ვიდრე შემდეგი არჩევნები არ გაიმართება. შეიძლება არც მაშინ დასრულდეს, თუმცა არსებული ვითარება არაფუნქციონირებადი დემოკრატიული ინსტიტუტები, პარლამენტი, სასამართლო ქვეყნისთვის დამაზიანებელია და ის საქართველოს ევროკავშირში, ნატოსა და შეერთებულ შტატებში უქმნის არასერიოზული ქვეყნის რეპუტაციას", - თქვა ვოლკერმა.