თბილისსა და მოსკოვს შორის რუსი ჯაშუშების გადაცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განუცხადა.
"ჯაშუშების გადაცემის წინადადებით რუსეთს ჯერჯერობით არ მოუმართავს. შესაბამისად, ამ ეტაპზე ასეთი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და სასამართლოს გამართვამდე, მისი წარმოება ქართული მხარის ინტერესებშიც არ შედის", - განაცხადა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 13 პირი დააკავეს, მათგან 4 რუსეთის მოქალაქეა.