დღეს, "თავისუფალი აზრის სახლის" დირექტორმა ბაკურ ბაკურაძემ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის გადადგომის მოთხოვნით საგანგებო ბრიფინგი გამართა.
ბაკურაძის თქმით, "თავისუფალი აზრის სახლი" დღეიდან, აღნიშნულ საკითხზე, იწყებს კონსულტაციებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ პარტიებთან. მისი თქმით, განათლების რეფორმა, რომელზედაც უამრავი უცხოური გრანტი და საბიუჯეტო სახსრები დაიხარჯა, სრული კრახით დასრულდა.
"სასჯელთაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ვერ გამოვიდა ძველი ამპლუიდან და მანდატურების ანუ "ჯოხიანი კაცების" ინსტიტუტის შემოღებით სკოლა საგანმანათლებლო ორგანიზაციიდან არასრულწლოვანთა კოლონიად გადააქცია, სამინისტროს მხრიდან მიმდინარეობს ინტენსიური დაშინების პოლიტიკა, პედაგოგების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების მისამართით. სასწავლო პროცესი ჩაშლილია. დიმიტრი შაშკინი ვერ აღმოჩნდა პრეზიდენტის მიერ გაპიარებული წარმატებული მენეჯერი, მისმა გაუაზრებელმა ქმედებებმა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად შექმნა სკოლის მოსწავლეთა პერმანენტული აქციების პრეცენდენტი", - განაცხადა ბაკურაძემ და დასძინა, რომ "თავისუფალი აზრის სახლი" გამოდის ინიციატივით, დაიწყოს კამპანია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით.