აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, დენიელ ფრიდის განცხადებით, საქართველოში ჩატარებულმა ადგილობრივმა არჩევნებმა აჩვენა, რომ "ქართულ ოცნებას" კვლავ დიდი მხარდაჭერა აქვს. ამის შესახებ ფრიდმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.
ფრიდის თქმით, მიუხედავად მნიშნველოვანი ხარვეზებისა, არჩევნები კონკურენტული იყო.
"ადგილობრივმა არჩევნებმა აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებას“ ჯერ ისევ დიდი მხარდაჭერა აქვს. არჩევნებმა ასევე აჩვენა, რომ ოპოზიცია ძლიერად არის წარმოდგენილი ბევრ ქალაქში, ბევრ ადგილობრივ მთავრობაში. მე ეუთო/ოდირის ანგარიში წავიკითხე. ეს არჩევნები დარღვევებით ჩატარდა და მთავრობისგან უკეთესის მოლოდინი მაქვს, მაგრამ ამ არჩევნებში პოლიტიკური ძალები ერთმანეთს შეეჭიდნენ. ეს არ იყო ისეთი არჩევნები, როგორიც რუსეთში ჩატარდა. ეს არჩევნები იყო ხარვეზიანი, მაგრამ კონკურენტული. ეს არის სწორედ ის, რაც პოლიტიკურმა ძალებმა უნდა გააკეთონ. მე არ მომწონს, რომ სააკაშვილი უცებ პარაშუტით ჩამოფრინდა და გადაწყვიტა, რომ ცხენზე ამხედრებული მოვლენოდა ქვეყანას, მაგრამ მეორე მხრივ, არის მისი ადგილი ნამდვილად ციხეში? მისი ციხეში ყოფნა „ქართულ ოცნებას“ ვნებს", - აღნიშნა ფრიდმა.