ქართული მხარე მალაიზიის ხელისუფლებასთან პირდაპირ კავშირზე გავიდა.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
"მალაიზიურ მხარესთან ოფიციალური კავშირის დამყარება შევძელით. მათ მოგვცეს უფლება, ადგილზე ჩვენი დელეგაცია ჩავიდეს და როგორც დაკავებულებს, ისე გამომძიებლებს გაესაუბროს", - განაცხადა კალანდაძემ.
მისივე განმარტებით, საქართველოს დელეგაცია, რომელიც როგორც საგარეო უწყების, ისე პროკურატურის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება, მალაიზიაში დაკავებული ქართველების მორიგ სასამართლო პროცესამდე გაემგზავრება.
"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შემდეგ სასამართლო სხდომაზე დაკავებულებს ადვოკატები ჰყავდეთ. თუმცა, გარანტიები იმისა, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, არ არსებობს, რადგან მალაიზიას ძალიან მკაცრი კანონმდებლობა აქვს", - განმარტა მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ მალაიზიაში დაკავებულ ორ ქართველ ქალს - ბაბუცა გორდაძესა და დარეჯან კოხტაშვილს ბრალი ნარკოტრეფიკში ედებათ, რაც მალაიზიური კანონმდებლობით სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.