„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ნაციონალური მოძრობა“ საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს.
„უკვე 25 დღეა, რაც პრეზიდენტი სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში შიმშილობს. მისი შიმშილობა უკვე იმ ფაზაშია შესული, როცა ნებისმიერ წუთს შესაძლებელია უკიდურესად დამძიმდეს და საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო სერვისის გაწევა. 2021 წლის 23 ოქტომბერს გამართული კონსილიუმის სხდომაზე, უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმების შემადგენლობით, კომისიამ დაასკვნა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილი მაღალი კლასის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ, როგორსაც ციხის საავადმყოფო არ წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ სააკაშვილის გადაყვანა უნდა მოხდეს სწორედ ციხის საავადმყოფოში, სადაც პრეზიდენტი მოკლებული იქნება ადეკვატურ მკურნალობას და ასევე უმძიმესი პრობლემა შეექმნება მის უსაფრთხოებას. იგივე დასკვნები გაასაჯაროვა სახალხო დამცველმაც, რის გამოც „ქართულმა ოცნებამ“ მის წინააღმდეგ ბინძური კამპანია წამოიწყო. დღეს სამთავრობო ტრიბუნიდან, საქართველოს ხელისუფლების სახელით გამოსულმა, იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ამავე შინაარსის განცხადებებს ავრცელებენ ხელისუფლების სხვადასხვა წევრები, პრემიერ-მინისტრი, თბილისის მოქმედი მერი და მმართველი პარტიის ლიდერები.
მოგმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო თუ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს: გთხოვთ, მიიღოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლო ზომა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის უფლება და პირადი უსაფრთხოება. საქართველოს ხელისუფლებამ არ იკმარა სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა და ახლა უკვე ქვეყნის მესამე პრეზიდენტს სასიკვდილოდ იმეტებს. მოგმართავთ საქართველოს მოქალაქეებს: ყველამ, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური სიმპათიებისა, პირადი განწყობებისა და დამოკიდებულებებისა, არ უნდა დავუშვათ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხის საავადმყოფოში. ხელისუფლების მიერ მესამე პრეზიდენტის იქ მოთავსება მისი მკვლელობის ტოლფასია და უმძიმესი შედეგები მოჰყვება, როგორც პოლიტიკურ, ისე ისტორიულ ჭრილში. კატეგორიულად მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან: უზრუნველყავით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და პირადი უსაფრთხოება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული საზოგადოებისგან მიიღებთ უმძიმეს პასუხს. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ ვითარებაში პასუხისმგებლობა სააკაშვილის სიცოცხლეზე სრულად გეკისრებათ თქვენ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომლის პირადი პოლიტიკური პატიმარია საქართველოს მესამე პრეზიდენტი“, – ნათქვამია განცხადებაში.