ერთადერთი თემა დღეს არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. კარგია, რომ ის აძვრა ცხაურზე და ამას გარკვეული ენერგია სჭირდება. ეს ამხელა ადამიანი შხაპის ცხაურებზე აძვრა, აცოცდა, ხელი დაგვიქნია და გვაჩვენა, რომ ის არცთუ ისე სუსტად გამოიყურება და ეს მე მიხარია, რადგან როდესაც პატიმარი თვალს მოშორდება, შესაძლოა, ცუდი რამ წარმოიდგინო, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
წულუკიანის განცხადებით, სააკაშვილს ზუსტად ისეთივე ნული შანსი აქვს თავი აღიარებინოს სტრასბურგის სასამართლოს პოლიტპატიმრად, როგორც ეს იყო ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში.
"ვფიქრობ, მას ზუსტად ისეთივე ნული შანსი აქვს თავი აღიარებინოს სტრასბურგის სასამართლოს პოლიტპატიმრად, როგორც ეს იყო ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში. მაშინაც ვანო მერაბიშვილი არაერთმა ადვოკატმა, მათ შორის ოთარ კახიძემ, რომელსაც თავი პროფესიონალ და პატიოსან ადამიანად მოაქვს, თავისივე თანამებრძოლს, ვანო მერაბიშვილს ციხეში ძალიან ბევრი ტყუილი უთხრა, რადგან საკანში მყოფი ადამიანი მოატყუო არ არის რთული. ეს არის სინდისთან მწყრალად მყოფი საქციელი. ამას არ ერიდებოდნენ. ასე იქნება ამ შემთხვევაშიც. სააკაშვილს დააჯერებენ, რომ შენს მხარეს დგას სტრასბურგის სასამართლო, ევროსაბჭო და ევროპა. იჩივლებენ, ეს მათი უფლებაა, მაგრამ შანსი იმისა, იმ დანაშაულების ფონზე, რაც სააკაშვილს შეერაცხა ქართული სასამართლოების მიერ და იმ ფონზე, რაც სტრასბურგის სასამართლომ თავად თქვა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი თავად იყო ჩართული პროკურატურასა და სხვა ორგანოებთან ერთად, რათა გირგვლიანის საქმეზე სამართალი არ აღსრულებულიყო, ამის ფონზე თქვას, რომ სააკაშვილი არის მართალი, რა თქმა უნდა, არის ნული. შესაბამისად, დღეს ჩემთვის ეს თემა არ არის", - თქვა წულუკიანმა.