ხანძარი კახეთშიც მძვინვარებს. ცეცხლი ახმეტის ხეობაში, ტყის მასივს უკიდია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თელავის რაიონის სოფელ ართანას გამგებელმა რამინ კომშიაშვილმა განუცხადა, ცეცხლი 30 ჰექტარ, ფოთლოვანი ტყის მასივზეა მოდებული.
მისივე განმარტებით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაციაც მონაწილეობს.
"ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სახანძრო ბრიგადების გარდა ავიაციაც ჩაერთო. შესაბამისი შტაბი სოფელ ლოპოტაში გვაქვს. ვერტმფრენები წყალს სწორედ ლოპოტას ტბიდან იღებენ", - განუცხადა კომშიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
ხანძრის გამოწვევის სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება. რაიონისა და სოფლის ხელმძღვანელობა ცეცხლის ჩაქრობას დღის ბოლომდე ვარაუდობენ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულის გარდა ცეცხლი რამდენიმე რაიონის ტყის მასივსაც უკიდია.