იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა შერჩევაში საერთშორისო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
როგორც უზენაეს სასამართლოში განმარტავენ, აღნიშნული მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება.
2007 წელს მსგავსი ინიციატივა მოსამართლეების შესარჩევი კონკურსის დროს განხორციელდა. მოქალაქეები საკუთარ მოსაზრებას და ინფორმაციას მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უგზავნიდნენ. ინიციატივას საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვის მსურველთა მონაცემები უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ.გვერდზე განთავსდება. მათი გაცნობის შემდეგ საზოგადოების წარმომადგენლებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღოს და საკუთარი წვლილი შეიტანოს სკოლის მსმენელების და შესაბამისად, მომავალი მოსამართლეების არჩევაში.
კანონის თანახმად, მოსამართლედ გამწესებისთვის აუცილებელია, რომ პირს დამთავრებული ჰქონდეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სამოსამართლო სწავლების სრული კურსი. იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელის არჩევით კი საზოგადოება მომავალ მოსამართლეს ირჩევს.
საქართველოს უზენაესი სასამართლო თხოვნით მიმართავს ყველა დაინტერესებულ პირს, მონაწილეობა მიიღოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელების შერჩევის პროცესში და კანდიდატთა პიროვნული და პროფესიული მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მომზადდა სპეციალური დებულება, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს შერჩევის იმ კრიტერიუმებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს, როგორც მოსამართლეობის, ასევე იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
ინფორმაციის მოწოდება შესაძლებელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მისამართზე: ბოჭორმის ქუჩა #12. ან თქვენი მოსაზრებები გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: council@hcoj.gov.ge.
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვის მსურველთა შესარჩევი კონკურსისთვის გასაუბრება რამდენიმე დღის წინ ჩატარდა. შედეგები უახლოს მომავალში გამოქვეყნდება.