ღარიბაშვილს წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს თვითმმართველობა, წაკითხული არ აქვს კონსტიტუცია და კანონები - ასე ეხმიანება "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ოპოზიციონერ მერს, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაცია გაურთულდება.
"ღარიბაშვილს წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს თვითმმართველობა, წაკითხული არ აქვს კონსტიტუცია და კანონები. თვითმმართველობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ არჩეული, ვინც არ უნდა იყოს, ოპოზიცია იქნება თუ ხელისუფლების წარმომადგენელი, უნდა აგრძელებდეს ხალხის სამსახურს და ა.შ. ეს არის უბრალოდ შანტაჟი, პროვოკაცია და დაშინება, თითქოს თუ ქუთაისი, თბილისი და სხვა რეგიონები აირჩევენ ოპოზიციურ კანდიდატებს, მაშინ გაჩერდება ქვეყანა და ღარიბაშვილს ექნება საშუალება, დაფინანსება შეუწყვიტოს თბილისს. ეს არის აბსურდი, ეს არის უცოდინარობა, რასაც იგი ამჟღავნებს ნებისმიერ მის გამოსვლაში. მე მინდა მას მოვუწოდო, ხშირად ისაუბროს. ჩვენ დაკვირვებით ვუსმენთ მას და საზოგადოება კიდევ კარგად დაინახავს ვის ხელშია დღეს ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა ხაზარაძემ.