გერმანიაში სოციალ-დემოკრატები, თავისუფალი დემოკრატები და "მწვანეები" გეგმავენ სწრაფად ჩამაოყალიბონ ახალი მთავრობა. დეკემბრის მეორე კვირას, 6 დეკემბრის შემდეგ გერმანიის ახალ კანცლერად შესაძლოა, აირჩიონ არჩევნებში გამარჯვებული სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ფინანსთა ახლანდელი მინისტრი ოლაფ შოლცი. ამის შესახებ თავისუფალი დემოკრატებისა და სოციალ-დემოკრატების გენერალურმა მდივნებმა, ფოლკერ ვისინგმა და ლარს კლინგბაილმა განაცხადეს ბერლინში კოალიციური მთავრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისას.
ლარს კლინგბაილის თქმით, 27 ოქტომბერს მუშაობას დაიწყებენ სამი პარტიის სამუშაო ჯგუფები. 10 ნოემბრისთვის ისინი შეათანხმებენ პოზიციებს, რომლებზეც შემდეგ იმსჯელებენ ძირითად მოლაპარაკებების ჯგუფებში. კოალიციური შეთანხმების დეტალები შეთანხმდება 22 სამუშაო ჯგუფის პოლიტიკოსებთან.
ვისინგის თქმით, ნოემბრის ბოლოს უკვე მზად უნდა იყოს კოალიციური შეთანხმება, ერთი კვირის თავზე კი 6 დეკემბრიდან ბუნდესტაგში, შესაძლოა, აირჩიონ ახალი ფედერალური კანცლერი და ჩამოყალიბდეს ახალი მთავრობა. ამ შემთხვევაში, ახლანდელი ვიცე-კანცლერი და ფინანსთა მინისტრი შოლცი ანგელა მერკელის მემკვიდრე გახდება, რომელიც გერმანიას 2005 წლიდან მართავს.
გერმანიაში 26 სექტემბერს ჩატარდა მორიგი საპარლამენტო არჩევნები. მცირე სხვაობით გაიმარჯვა გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ. მან ხმათა 25.7 პროცენტი მოაგროვა. მისმა მთავარმა მეტოქემ ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა ამომრჩეველთა ხმების 24.1 პროცენტი მოაგროვა. "მწვანეების" პარტიამ ხმების 14.8 პროცენტი მიიღო.