ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დღეს "ცივი ომის" დროიდან ნატო-სა და რუსეთს ყველაზე ცუდი ურთიერთობა აქვთ და ამაში დამნაშავე მოსკოვია.
"ჩვენს შორის ურთიერთობა ყველზე ცუდ მდგომარეობაშია "ცივი ომის" დროიდან. და ასეთი ვითარება რუსეთის ქმედებების გამო შეიქმნა", - განაცხადა სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.
"რუსეთმა დაიპყრო მეზობლების ტერიტორიები, ჩაერია დემოკრატიულ პროცესებში, მოქმედებდა აგრესიულად ნატო-ს წევრების მიმართ", - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდება, თუ რუსეთი ნატო-სთან არსებით დიალოგს დათანხმდება.
18 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ნატო-სთან თავისი წარმომადგენლობის მუშაობას აჩერებს. მისივე თქმით, მოსკოვში მუშაობას წყვეტს ნატო-ს საინფორმაციო ბიუროც.
რუსეთმა აღნიშნული გადაწყვეტილება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიერ, რუსეთის წარმომადგენლობის რვა თანამშრომლის გაძევების საპასუხოდ მიიღო.
შეგახსენებთ, ნატო-მ რუსი დიპლომატები რუსეთის სავარაუდო მტრული ქმედებების საპასუხოდ, გააძევა. ტელეარხ Sky News-ის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის ქმედებებს შორის, რომელიც ნატომ მტრულად მიიჩნია, იყო მკვლელობები და ჯაშუშობა.