სანამ დაპატიმრებული ვარ, საკვებს არ მივიღებ არც ერთი ფორმით და მზად ვარ სიკვდილისთვისაც, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც ცოტა ხნის წინ მის ფეისბუქზე გამოქვეყნდა.
„ჩემი პოზიცია შიმშილობასთან დაკავშირებით არის შემდეგი: ყველა ჩემი ნაბიჯი იყო ნაკარნახევი მთავარი მიზნით, დავეხმარო ქართველ ხალხს ჭაობიდან თავის დაღწევაში. ჩამოვედი ისე, რომ არ მომხდარიყო შეტაკებები და არავინ არ დაზარალებულიყო. ასევე მოვუწოდე სხვებს შიმშილობის შეწყვეტისკენ და ვშიმშილობ მხოლოდ მე ერთადერთი მოთხოვნით, შეწყდეს მართლმსაჯულების უსამართლო, პოლიტიკური დევნისთვის გამოყენება და დავუბრუნდეთ ნორმალურ დემოკრატიულ პროცესს, სადაც ხალხი იღებს გადაწყვეტილებებს ძალდატანების და გაყალბების გარეშე.
სანამ დაპატიმრებული ვარ, საკვებს არ მივიღებ არც ერთი ფორმით და მზად ვარ სიკვდილისთვისაც.
ამავე დროს, მინდა ბოლომდე შემრჩეს საღი აზროვნება და შრომისუნარიანობა. ამიტომ თანახმა ვარ, ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე, რომელიც დამეხმარება გონზე ყოფნაში და თუნდაც ძალიან შეზღუდულად მაგრამ მაინც მიმდინარე მოვლენებში მონაწილეობის მიღებაში, რათა სადამდეც შემეძლება, გამოვადგე საქართველოს.
ახლა საზოგადოება ძალიან მობილიზებულია და მიუხედავად ჩემი პირადი მდგომარეობისა, როგორც არასდროს, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, - წერია წერილში.