გვჭირდება სრული მობილიზაცია იმისთვის, რომ ოცივე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნების მეორე ტური - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბათუმში, მერობის კანდიდატთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შეხვედრები იქნება ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტური ტარდება.
"ჩვენ დავიწყეთ რეგიონებში შეხვედრები, ჩავდივართ ყველა მუნიციპალიტეტში სადაც, ტარდება მეორე ტური. გვაქვს შეხვედრა მხარდამჭერებთან, ჩვენს პარტიულ აქტივთან და ვსაუბრობთ მეორე ტურებთან დაკავშირებით. გჭირდება სრული მობილიზაცია იმისათვის, რომ ოცივე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნების, მეორე ტური. ვულოცავ ჩვენს მხარდამჭერებს საერთო გამარჯვებას, რომელიც 2 ოქტომბერს მოვიპოვეთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ნაციონალურ მოძრაობას არც ერთ საკრებულოში არ აქვს უმრავლესობა.
"რაც შეეხება საკრებულოებს, ყველაში ჩვენ მოვახერხებთ საბოლოო ჯამში სტაბილური უმრავლესობის ფორმირებას. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის საბოლოო დასრულებას, საჭიროა 30 ოქტომბერს ამომრჩევლის სრული მობილიზაცია. ჩვენ უკვე მოვიგეთ არჩევნები 64-დან 44 მუნიციპალიტეტში, 20-ში დაგვრჩა მოსაგები, როგორც კი მოვიგებთ და დასრულდება არჩევნების მეორე ტურიც, ვიღებთ რა მოცემულობას, რომ მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სრულად, ასევე მოგებული გვექნება მათივე გამოცხადებული ე.წ. რეფერენდუმი - ეს მეორე, მათი ბელადი არის ციხეში - ეს მესამე. შესაბამისად ყველანაირი წინაპირობა იქმნება იმის, რომ შემდეგი სამი წლის განმავლობაში, ქვეყანა სრულიად მშვიდად განვითარდეს. ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის განვითარება, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ამას სჭირდება მშვიდობა, სიმშვიდე და სტაბილურობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.