ჩემი გაკეთებული საქმეები მიმაგრებს ზურგს, რომ თბილისელებს ვთხოვო მხარდაჭერა. ქალაქს დღეს ჭირდება ეს - განვითარება და აღმშენებლობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მოქმედმა მერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
კახა კალაძემ შეკრებილ საზოგადოებას კიდევ ერთხელ გააცნო საარჩევნო პროგრამის მთავარი მიმართულებები და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
"დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს არსებულ ვითარებას, იმ გაკეთებულ საქმეებსაც, რაც მოვახერხეთ ოთხი წლის განმავლობაში. უფრო მეტის გაკეთებაც შეგვეძლო, რომ არა პანდემია. მეგობრებო, არჩევანი არის ძალიან მარტივია. ერთ მხარეს ვხედავთ ბოროტებას, ვხედავთ მოძალადეებს, სიძულვილის ენას, რომელიც მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში თავიანთი ვიდეოკლიპებით, თავიანთი სატელევიზიო გადაცემებით, ნახეთ უბრალოდ, რა ლექსიკით საუბრობენ, როგორი შეურაცხყოფით. ყველაფერს უპირისპირდებიან, ჩვენს ეკლესიას, სარწმუნოებას, კულტურას, ყველაფერ ძვირფასს, რაც კი გაგვაჩნია. ამის უფლებას არავის მივცემთ. არასდროს და ვერასდროს ვერ დაბრუნდება მოძალადე რეჟიმი ქვეყნის მმართველობაში. პირადად მე მზად ვარ, სიცოცხლის ფასადაც კი არ დავუშვა ეს. ძალიან კარგად მაქვს გააზრებული და გათავისებული, რასაც ვამბობ. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს სიძულვილი, უნდა დასრულდეს ადამიანების დაყოფა პოლიტიკური ნიშნით, უნდა დასრულდეს ბოროტება, შეურაცხყოფები და ჩვენ ამას გავაკეთებთ ყველანი ერთად. სხვანაირად შეუძლებელია, რადგან დღეს ამ ქალაქს და ამ ქვეყანას რაც ყველაზე მეტად სჭირდება, არის მშვიდობა, განვითარება და აღმშენებლობა. სხვანაირად შეუძლებელია, მეგობრებო. შეუძლებელია რაიმე წარმატებაზე ფიქრი, კულტურის მიმართულებით რაიმე პროექტის განხორციელებაზე ფიქრი, თუ ქვეყანაში იქნა არეულობა, დაპირისპირება და ქაოსი. ამიტომ, თითოეული თქვენგანის როლი ამ არჩევნებში არის მნიშვნელოვანი. ჩემი გაკეთებული საქმეები მიმაგრებს ზურგს, რომ თბილისელებს ვთხოვო მხარდაჭერა. ქალაქს დღეს ჭირდება ეს - განვითარება და აღმშენებლობა", - განაცხადა კახა კალაძემ.