ჩვენ ვაქცინების არავითარი პრობლემა არ გვაქვს, 1-ელ ოქტომბერს ჩამოვიტანეთ დამატებით 1 მილიონი „სინოფარმის“ ვაქცინა, რომელიც ხელმისაწვდომია, გვაქვს „ფაიზერის“ ვაქცინები, კიდევ ერთხელ გთხოვთ, ავიცრათ და დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება კოვიდ-ვითარებას სრულად მართავს. პრემიერ-მინისტრმა გაწეული საქმიანობისთვის ექიმებს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს მათი საქმიანობის დასაფასებლად.
„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო და მივმართო თხოვნით. მოგეხსენებათ, ჩვენ ვაქცინების არავითარი პრობლემა არ გვაქვს, 1-ელ ოქტომბერს ჩამოვიტანეთ დამატებით 1 მილიონი „სინოფარმის“ ვაქცინა, რომელიც ხელმისაწვდომია, გვაქვს „ფაიზერის“ ვაქცინები, ყველანაირი ვაქცინა გვაქვს და კიდევ ერთხელ გთხოვთ, ავიცრათ და დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობა. ამას გარდა, მინდა მოსახლეობას ვუთხრა და დავამშვიდო, ჩვენ სიტუაციას ვმართავთ, კონტროლის ქვეშ არის. კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს ექიმებს, მათ ძალიან გმირული საქმიანობა გასწიეს, ეწევიან და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს მათი საქმიანობის დასაფასებლად“, - აღნიშნა პრემიერმა.
ჟურნალისტების კითხვას, რამდენად ეფექტური იყო ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ ის ეფექტურია, ვინაიდან უკვე ათვისებული მილიონი ლარი მოსახლეობაში გადანაწილდა.