მიანმარის სამხედრო ხუნტამ რეჟიმის მოწინააღმდეგე 5 600-ზე მეტი პატიმარი გაათავისუფლა, რომელიც სამხედრო გადატრიალების შემდეგ, სხვადასხვა საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ინფორმაცია 18 ოქტომბერს ხუნტის მიერ კონტროლირებადმა სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა.
გავრცელებული ცნობით, პატიმრებმა უკვე დაიწყეს საპყრობილეების დატოვება. ციხის კარებთან მათ ოჯახის წევრები და ახლობლები ხვდებიან, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ იჯერებენ ხუნტის მოულოდნელ გადაწყვეტილების სინამდვილეს.
ხუნტის ლიდერისა და მიანმარის დროებითი მთავრობის მეთაურმა, მინ აუნ ჰლაინმა განაცხადა, რომ ამ მასშტაბის ამნისტია ჰუმანიტარული მიზეზებით იყო განპირობებული. ამასთან, მისი თქმით, ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაციის პროვოცირება მთლიანად ოპოზიციის კისერზეა.
ფართომასშტაბიან ამნისტიას წინ უსწრებდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც უახლოეს მომავალში დაგეგმილი სამიტის მონაწილეთა სიიდან მიანმარი ამოიღეს. ღონისძიება 26-28 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.
სამხედრო ხუნტის მიერ ფორმირებული დროებითი მთავრობისა და დამხობილი მთავრობის წევრების ნაცვლად, რომელიც მოღვაწეობას იატაკქვეშეთიდან განაგრძობს, სამიტში მონაწილეობას მიიღებს მიანმარის წარმომადგენელი, რომელიც არცერთი ჯგუფის წევრი არ არის. ამრიგად, ASEAN ხაზს უსვამს მის ნეიტრალიტეტს შიდა პოლიტიკური კონფლიქტების მიმართ. ორგანიზაციამ თავისი გადაწყვეტილება გაამართლა იმით, რომ ხუნტამ არ შეასრულა ქვეყანაში ეროვნული შერიგების დაპირება.
გაეროს პოზიცია პოლიტპატიმრების გათავისუფლების თაობაზე.
მიანმარში გაეროს ადამიანის უფლებების სპეციალური მომხსენებლის ტომ ენდრიუსის განცხადებით, პატიმრების გათავისუფლება აშკარად არ არის მტკიცებულება იმისა, რომ მმართველი რეჟიმის ხასიათი შეიცვალა. მისი თქმით, ეს ამნისტია მოხდა მხოლოდ საერთაშორისო ზეწოლას უკავშირდება. "ქვეყანაში სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლი ადამიანების რეპრესია გრძელდება".
სამხედრო გადატრიალება მიანმარში
1962 წლიდან რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, მიანმარის მმართველობის ფორმა სამხედრო დიქტატურა იყო. ქვეყანაში დემოკრატიული გარდაქმნის პროცესები 2011 წლიდან დაიწყო. 2020 წლის ნოემბერში "დემოკრატიის ეროვნულმა ლიგამ", ნობელის პრემიის ლაურეატ აუნ სან სუ ჩის მეთაურობით არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო.
შეიარაღებულმა ძალებმა 2020 წლის საყოველთაო არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს და მისი შედეგები გააუქმეს.
2021 წლის 1-ელ თებერვალს მიანმარის სამხედროებმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს და საგანგებო მდგომარეობა ერთი წლით გამოაცხადეს. დააკავეს მიანმარის ლიდერი 75 წლის აუნ სან სუ ჩი და მრავალი სხვა პოლიტიკოსი.
სამხედრო გადატრიალების შემდეგ, მიანმარში სამოქალაქო წინააღმდეგობა არ წყდება, რომელსაც სასტიკად ახშობენ უშიშროების ძალები. უფლებადამცველების თქმით, საპროტესტო აქციების დროს დაიღუპა 900 -ზე მეტი ადამიანი, დააპატიმრეს 6000 -ზე მეტი.