სააკაშვილი არის ბრძოლით აღსავსე, მიაჩნია, რომ ეს ბრძოლა ოპოზიციამ ყველა შემთხვევაში უნდა მოიგოს და მოიგებს კიდეც, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ეშინია.
„სრულ მზაობას გამოხატავს საკუთარს, პოლიტიკურს, მორალურს, რომ საქართველოს მოქალაქეებს დაუჭიროს მხარი ამ გადამწყვეტ ბრძოლაში, რომელსაც ჰქვია ივანიშვილის დამარცხება. ჩვენი ხელისუფლების გონივრულობის იმედი არ გვქონია, დარწმუნებული ვარ, არც მიხეილ სააკაშვილს აქვს ხელისუფლების გონივრულობის იმედი, მაგრამ ჩვენი მოქალაქეების და პოლიტიკოსების ბრძოლა თავის შედეგებს აჩვენებს. ჩვენ დავინახეთ ევროპარლამენტარებისა და საერთოდ მსოფლიოს პოლიტიკოსების ერთობლივი განცხადება, რომლითაც ისინი მიმართავენ ევროპარლამენტის პრეზიდენტს და ითხოვენ სათანადო რეაგირებას, რადგან დემოკრატიულ სამყაროში არავის სჯერა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არის დამოუკიდებელი და მის მიმართ საზოგადოებას აქვს ნდობა.
სწორედ ამიტომ არის ამ განცხადებაში ცალსახად ხაზგასმული, რომ ვიდრე ამ ქვეყანაში მართლმსაჯულება არ მოიპოვებს საზოგადოების ნდობას, იქამდე მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იყოს გათავისუფლებული. ხელისუფლება აგონიაშია კიდევ აგრძელებს უღირს კამპანიას და თბილისის მერის კამპანია აწყობილია ნეგატივზე, მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო კლიპების მომზადებაზე მაშინ, როდესაც ამის საფუძველი არ უნდა ჰქონდეთ. ერთი რამ არის ცხადი, ხელისუფლებას ძალიან ეშინია ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილის.
აღგიწერთ, როგორ ვითარებაში ვხვდებით მიმსვლელები. არის შუშის კედელი. იქით ზის მიხეილ სააკაშვილი, აქეთ ვსხედვართ მიმსვლელები, მთელი ამ ხნის განმავლობაში რაც იქ ვიყავი, ის აქტიურად საუბრობდა, საკუთარ მოსაზრებებს მიზიარებდა, აინტერესებდა გარეთ მომხდარი მოვლენების შესახებ ინფორმაცია. არავითარი დაბრკოლება ამ კომუნიკაციაში ჩვენ არ გვქონია. მე, როგორც პოლიტიკოსი, შევედი პოლიტიკოსთან და მივიღე პასუხი მისგან, რომ ის არის ძალიან აქტიური, არ აპირებს დანებებას, მიუხედავად მისი ფიზიკური მდგომარეობისა. მორალურად ის არის აბსოლუტურად მხნედ და მზად ბრძოლისათვის“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.