საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, თბილისში, ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია გაიმართა
აქცია ახლადდაფუძნებულმა მოძრაობამ "მიშას თავისუფლებისთვის" წევრებმა გამართეს.
საპროტესტო აქციაზე გაისმოდა მოწოდებები მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით. აქციაზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცავები.
პოლიციელები აქციის მონაწილეებს ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან მისვლის საშუალებას არ აძლევდნენ. როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეები იტყობინებიან, აქტივისტებს სტიკერების გაკვრა სურდათ, თუმცა პოლიციამ მათ არც ამის უფლება მისცა.
სამოქალაქო აქტივისტის ირაკლი ფავლენიშვილის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაძაბულობის დროს 2 აქტივისტი დააკავეს.
"ორი ადამიანი არის დაკავებული, მათ შორის ერთი აქტივისტი, არის გიორგი რურუაა და მეორე ბათუმელი აქტივისტია. დააკავეს, როდესაც პოლიცია გვაწვებოდა ყოვლად უმიზეზოდ, არაფერი კანონის საწინააღმდეგო ჩვენ არ ჩაგვიდენია, უბრალოდ პოლიციას სურს რომ გადაგვჯეგოს, ძალით მოგვაწვეს და ამ დროს ადამიანები როცა წინა რიგში იყვნენ გაიტაცეს", - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. პატიმრობის პირველივე დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.