30 ოქტომბერს, ოპოზიციის კანდიდატების გამარჯვების შემდეგ, ავტომატურად დადგება სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.
ის ამბობს, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლა გაძლიერდება, რათა მიხეილ სააკაშვილმა უმოკლეს ვადაში დატოვოს საპატიმრო და რეალურად დაიწყოს სამოქალაქო შერიგებისა და ქვეყნის განვითარების პროცესი.
"გუშინდელი აქცია საფუძველი იქნება სხვა კონკრეტული აქციების, რომელიც გაგრძელდება და საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავს, გეგმას უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ. რეგიონებში გაიმართება საპროტესტო აქციები და წინასაარჩევნო პროგრამები იქნება კიდევ ერთხელ გახმოვანებული. მიხეილ სააკაშვილის თემა იქნება ჩვენი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი.
30 ოქტომბერს, დიდ ქალაქებში ოპოზიციის კანდიდატების გამარჯვების შემდეგ, ავტომატურად დადგება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი, რადგან ეს იქნება ქართველი ხალხის გამოხატული ნება და ხელისუფლებას მოუწევს ამ არჩევანისთვის ანგარიშის გაწევა“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.