„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ, რომ თბილისში დაგეგმილ აქციაზე ხალხის მისვლას ხელი შეუშალონ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.
„არავისთვის გასაკვირი არაა, რომ ამ რეჟიმის სასოწარკვეთილი წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ, განსაკუთრებით ზუგდიდში, სადაც პირწმინდად დამარცხდნენ, რომ ხალხს ხელი შეუშალონ თბილისში, თავისუფლების მოედანზე მოხვდნენ. ცოცხები, რომლითაც ისინი დარბიან არის სიმბოლო, რომ სწორედ ამ ცოცხებით გაიხვეტებიან საქართველოს ხელისუფლებიდან. ფალსიფიცირებული სცენით და ხალხის მოტყუებით, ცხრა თვის ბავშვის ქვევრში ჩახრჩობის სპეკულირებით და ტყუილებით მოვიდნენ, ის ცოცხები, რაც ხელში უჭირავთ, იმ ცოცხებით გაიხვეტებიან. ეს ყველაფერი მშვიდობიანად მოხდება, იმ ადამიანების მიერ, რომელიც ამ ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობაა. დღეს მთავარი აქცია იქნება, შემდეგ გაგრძელდება შედარებით მომცრო აქციები სხვადასხვა ჯგუფების მიერ, იქნება რეგიონებში, თბილისში, ციხესთან. ყველანი ერთად ვემზადებით 30-სთვის , როდესაც შედგება იმ რეფერენდუმის მეორე ტური, რომელშიც უნდა განისაზღვროს არა მარტო მერების ადგილებზე გვარები და სახელები, არამედ მომავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ბედიც“, – განაცხადა ბარამიძემ.