მჯერა, რომ დღეს, თავისუფლების მოედანზე, 18:00 საათზე შეიკრიბება ყველა ის ადამიანი, რომელსაც მობეზრდა საქართველოს უკუსვლა, საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ყველა მისი ინსტიტუტის, ეკონომიკის, სოციალური სფეროს, ლარის განადგურება, რომელსაც მობეზრდა საქართველოს კრიმინალიზაცია, კორუფცია, ქურდბაცაცობა და გაჩანაგება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი აქცია არის „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებული, თუმცა არ არის ვიწრო პარტიული ინტერესის.
„აქციაზე იქნებიან, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის, ასევე ყველა სხვა პარტიის მხარდამჭერები, უპარტიოები, სამოქალაქო აქტივისტები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ყველა ის ადამიანი, ვისაც კარგად აქვს გაცნობიერებული თავისი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონები, ერთად აღებული და ცალ-ცალკე, შესაბამისად, არ გვინდა ამ ქვეყანაში ვინმე პოლიტიკური ნიშნით დევნილი იყოს და მით უმეტეს არ გვინდა, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით ციხეში იჯდეს ამ ქვეყნის თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელი მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ არ გვაქვს არანაირი პრობლემა, რომ ორგანიზაციულად სხვადასხვა პარტიები აქ არ იქნებიან, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ამ პარტიების ლიდერები და მით უმეტეს, ამომრჩევლები, აქ იქნებიან, რადგან გვჯერა, რომ ყველა ამ პროდასავლურ პარტიას აქვს გაცნობიერებული თავისი როლი ქვეყნის წინაშე. დღეს აქ ყველა ის ადამიანი იქნება, ვინც მხარს უჭერს, როგორც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ასევე ცვლილებებს“, – განაცხადა ბარამიძემ.