2021 წლის 14-16 ოქტომბერს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით სლოვენიის რესპუბლიკას ეწვევა, სადაც გაიმართება ორმხრივი შეხვედრები, როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს სლოვენია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა და ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი ურთიერთობების გარდა, განხილული იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხები.
ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ბორუტ პაჰორთან, სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან იგორ ზორჩიჩთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ანჟე ლოგართან. შეხვედრის შემდეგ, საქართველოს და სლოვენიის საგარეო უწყების ხელძღვანელები მედიისთვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს სლოვენიაში, კერძოდ ქ. პორტოროში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონიაში. აღსანიშნავია, რომ საქართველო-სლოვენიის ორმხრივი ურთიერთობის ისტორიაში საპატიო საკონსულო პირველად იხსნება. დავით ზალკალიანი ღონისძიების დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართავს.