მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების არავითარი რეალური რისკი არ არსებობს. მით უმეტეს, არ არსებობს, ღმერთმა დაგვიფაროს, მისი გარდაცვალების რისკი. რისკი არ არსებობს იმიტომ, რომ სისტემა არის მოწოდების სიმაღლეზე, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
"მე მესმის იმ ადამიანების, ვინც ვიზუალურად რომ ვერ ხედავს პატიმარს, ფიქრობს ცუდზე, მაგრამ სასამართლო სხდომებიც იქნება. ნებისმიერ დეპუტატს აქვს შესვლის უფლება, სახალხო დამცველს აქვს შესვლის უფლება და თუკი ნებისმიერი სხვა მექანიზმი გამოიძებნება, რომ ამ ადამიანთან იყოს მეტი ვიზუალური კონტაქტი, რა თქმა უნდა, ის თითიდან გამოწოვილი ეჭვებიც განეიტრალდება და ჩვენ ყველა დავინახავთ, რომ ჯანმრთელობის გაუარესების არავითარი რეალური რისკი სააკაშვილის შემთხვევაში არ არსებობს. მით უმეტეს, არ არსებობს, ღმერთმა დაგვიფაროს, მისი გარდაცვალების რისკი. რისკი არ არსებობს იმიტომ, რომ სისტემა არის მოწოდების სიმაღლეზე", - განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე და ის უნდა დარჩეს პატიმრობაში.
"სხვაგვარად ვერ იქნება, მაგრამ მეორე მხარეს სახეზეა დანაშაული, სახეზეა დამნაშავე, რომელმაც უნდა მოიხადოს სასჯელი. ეს სასჯელი არის რამდენიმეწლიანი და რა თქმა უნდა, ის წლები, რასაც ის გაატარებს ქართულ საპატიმროში, მისი ჯანმრთელობა იქნება ზედმიწევნით დაცული. ერთ საიდუმლოსაც გეტყვით, რომ როდესაც პატიმარი შიმშილობს, ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რაც მეტია შიმშილობის გარშემო აურზაური, მით უფრო ფერხდება პატიმრის მიერ გადაწყვეტილების მიღება, რომ განაახლოს კვება", - დასძენს წულუკიანი.