"100 წლის მერე, მე ვარ საქართველოს პირველი პრეზიდენტი, რომელიც სტუმრობს ავსტრიას და მე მგონი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ავსტრიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
"100 წლის მერე, მე ვარ საქართველოს პირველი პრეზიდენტი, რომელიც სტუმრობს ავსტრიას და მე მგონი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის. პანდემიამ შეგვიშალა ხელი ამაში, მაგრამ პოლიტიკურმა ვითარებამ ვერ შეგვიშალა და ყველაფრის მიუხედავად, ასე მგონია, რომ სწორედ სიმბოლურია, რომ მაინც შედგა ეს ვიზიტი. შედგა იმ მომენტში, როცა გარკვეული სირთულეებია პოლიტიკურ სფეროში, სადაც გამოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს სწორედ პრეზიდენტის როლი საპარლამენტო რესპუბლიკაში, იმისთვის, რომ გააერთიანოს ძალები და შეინარჩუნოს სტაბილურობა.
ჩვენთან იგივე სიტუაცია არ არის, მაგრამ ამ საარჩევნო პერიოდში, მანამდეც და შემდეგაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი დარჩეს მთავარ ძალად, რომელიც დეპოლარიზაციისა და სტაბილურობისვის იბრძვის და ეს ალბათ, ჩვენი საერთო მოვალეობა.
ძალიან მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ეს ვიზიტი შედგა სწორედ ამ წელს, როცა აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს და თუნდაც იმას, რომ ავსტრიაში პირველი ნობელის პრემია მიიღო ქალმა, რომელიც ცხოვრობდა საქართველოში და რომელიც მთელი ცხოვრება სწორედ მშვიდობაზე იყო ორიენტირებული, რაც მისი ცხოვრების მრწამსს წარმოადგენდა და ჩვენ მის ხსოვნას აღვნიშნავთ. ქართულმა ფოსტამ მისი სახელობის მარკა გამოუშვა. ჩვენ ეს მშვიდობისთვის მებრძოლი ქალი გვაერთიანებს", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.