მოტივირებული, მაღალი პროფესიული ცოდნისა და უნარების იურისტების შერჩევის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სტაჟიორ-გამომძიებელთა ღია კონკურსს აცხადებს.
საკონკურსო განაცხადები (აპლიკაციები) მიმდინარე წლის 12 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით მიიღება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი უნდა იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და ჩაბარებული აქვს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში სახელმწიფო ინსპექტორის გამომძიებლის ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდა ან მოსამართლის/პროკურატურის/ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო ან სისხლის სამართლის მიმართულებით.
სტაჟირების კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
• საკონკურსო განაცხადების (აპლიკაციების) მიღება/გადარჩევა;
• პროფესიული ტესტირება;
• ტესტირება ზოგად უნარებში;
• გასაუბრება.
ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კონკურსის შედეგად შერჩეული 5 საუკეთესო სტაჟიორ-გამომძიებელი 1 წლამდე ანაზღაურებად სტაჟირებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველოში გაივლის.
სტაჟირების პროგრამა, ყველა დაინტერესებული პირისათვის, არის საუკეთესო შესაძლებლობა პროფესიონალ გამომძიებელთა გუნდთან ერთად მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება.
სტაჟიორ-გამომძიებელი აღჭურვილი იქნება გამომძიებლის უფლებამოსილებით, რაც მას საუკეთესო პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და სამომავლო კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას მისცემს.
სტაჟიორ-გამომძიებლის ანაზღაურება ყოველთვიურად (დარიცხულ) 1000 ლარს შეადგენს.
სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კანდიდატს აქვს რეალური შანსი დაინიშნოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამომძიებლის პოზიციაზე ან შესაძლოა მას გაუგრძელდეს სტაჟირების ვადა.
სამსახურის მიერ დანერგილი ახალი მიდგომის თანახმად, კონკურსის ფარგლებში, ასევე შეირჩევა სტაჟიორ-გამომძიებლის 15-მდე სარეზერვო კანდიდატი, რომლებიც საშტატო ერთეულების გაზრდის, სტაჟიორ-გამომძიებლებისთვის სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, გასაუბრების საფუძველზე, შეიძლება გახდნენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სტაჟიორ-გამომძიებლები.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში სტაჟირებისა და მენტორობის სისტემა 2020 წლიდან დაინერგა.
სტაჟირების კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოცემულია შემდეგ ბმულზე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კონკურსანტებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს ტელეფონის შემდეგ ნომრებზე: 0322 421000