ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. იუწყება ადგილობრივი მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფოს მეთაური პრაღის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული.
პრეზიდენტის გარემოცვა ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ეს გეგმიური ჰოსპიტალიზაციაა. ზემანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას მისი მკურნალი ექიმი მოგვიანებით გააკეთებს.
სექტემბერში ზემანმა ჯანმრთელობის პრობლემების გამო რვა დღე გაატარა საავადმყოფოში.
როგორც იუწყებიან, დღეს დილით, მილოშ ზემანი შეხვდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშს, რომელსაც არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ესაუბრა.
გუშინ, ჩეხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, სადაც დამარცხდა პრემიერ ბაბიშის პარტია და ოპოზიციურმა გაერთიანებამ იმარჯვა.
ჩეხეთში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სწორედ პრეზიდენტი წყვეტს ვის დაავალოს მთავრობის ფორმირება. მიუხედავად, ოპოზიციური ერთობის გამარჯვებისა, ზემანმა განაცხადა, რომ უპირველესად ანდრეი ბაბიშს დაავალებს მთავრობის ფორმირებას, რაც არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბაბიშმა შეძლოს.