ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომდევნო სამიტი 2022 წლის 29-30 ივნისს მადრიდში გაიმართება. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ალიანსი მომავალ წელს ასევე აღნიშნავს ესპანეთის ნატო-ში გაწევრიანების მე-40 წლისთავს.
მისივე თქმით, მადრიდის სამიტზე მოკავშირეები მიიღებენ ნატო-ს სტრატეგიულ კონცეფციას. ამასთან, მიღებული იქნება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ალიანსის 2030 წლის ამბიციური დღის წესრიგის განსახორციელებლად.
"მადრიდის სტრატეგიული კონცეფცია ასახავს უსაფრთხოების ახალ გარემოს, დაეფუძნება საერთო ღირებულებებს და კიდევ ერთხელ დაადასტურებს ჩვენს ერთობას", - თქვა გენერალურმა მდივანმა.